ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის კვირეული !

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული 16 ნოემბერს გაიხსნა. ყოველი წლის ნოემბერში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღეს, წელს კი პირველად 16-22 ნოემბერს ,,ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული“ გაიმართება სლოგანით ,,გამოიყენე ანტიბიოტიკები ფრთხილად“ !

კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და ბიძგი მისცეს იმ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ანტიბიოტიკების საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოყენებას.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საკონსულტაციო ჯგუფის “გლობალური ალიანსის” ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე “რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია: სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო და მისი გამოყენების ინსტრუქცია”.

კონფერენციას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, “გლობალური ალიანსის” ხელმძღვანელი პირები. ასევე, უნივერსიტეტ პარიზი-7-ის სამედიცინო სკოლის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები. ასევე მოწვეული იყვენე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან პრაქტიკოსი ექიმები.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და და “გლობალური ალიანსის” პრეზიდენტმა, დოქტორმა ჟან-ელი მალკინიმა პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრეს ანტიბიოტიკების რაციონალურად გამოყენებასა და მის გვერდით ეფექტებზე.

მინისტრმა მიმართა მოსახლეობას და მოუწოდებს, თვითნებურად ნუ მიიღებენ ანტიობიტიკს „ის არ არის სიცხის დამწევი წამალი და მას აქვს მკვლელის ფუნქცია“. ასევე მინისტრმა გააფრთხილა ექიმები, რომ ანტიბიოტიკების არარაციონალურად დანიშვნას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

საქართველოში მოსახლეობას წვდომა ანტიბიოტიკებზე რეცეპტის გარეშე არ აქვს. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია და რა თქმა უნდა, ბევრ პრობლემას აგვაცილებს.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა დღეს გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. ის საგანგაშოდ მაღალ დონეს აღწევს მსოფლიოს ყველა კუთხეში. რეზისტენტური შტამები საერთაშორისო საზღვრებს არ ცნობენ და კონტინეტიდან კონტინენტზე იოლად ვრცელდებიან და სერიოზულ პრობლემას ქმნიან ინფექციური დაავადებების მკურნალობაში.

საქართველოში შექმნილია ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭო. საბჭოს ფორმატში მომზადებულია და განხილულია ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს რაციონალური ფარმაკო თერაპიის დანერგვას საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ანტიმიკრობული რეზისტენტობასთან დაკავშირებული ინფექციები, რაც ისედაც გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემას, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება. ასეთი ინფექციები რთული სამკურნალოა და გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჯანდაცვის სამინისტროს ანტიმიკრობული თერაპიის მიმართულებით კონსულტაციებს “გლობალური ალიანსი” გაუწევს.

ღონისძიების ფარგლებში პრაქტიკოსი ექიმებისათვის გაცნობის მიზნით, ასევე გაიმართა პრეზენტაციები ანტიმიკრობულ თერაპიაზე ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და სენფორდის სახელმძღვანელოს პრაქტიკაში დანერგვის ინსტრუქციის შესახებ. პრეზენტაციები წარადგინეს უნივერსიტეტ პარიზი-7-ის სამედიცინო სკოლის პროფესორმა ელიზაბეთ ბუვემ თემაზე: “ანტიბიოტიკებზე მეურვეობა: როგორ გავაუმჯობესოთ პრაქტიკოსი ექიმების მიერ ანტიბიოტიკების გამოყენება” და პროფესორმა მალვინა ჯავახაძემ თემაზე: „რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში: სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო და მისი გამოყენების ინსტრუქცია”.

კონფერენციაზე მოწვეულ პრაქტიკოს ექიმებს სენფორდის “ანტიმიკრობული თერაპიის”  სახელმძღვანელოს 45-ე გამოცემის ქართული ვერსია საჩუქრად გადასცეს. სახელმძღვანელოს საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული და თითქმის ნახევარი საუკუნეა თითოეული ამერიკელი ექიმისათვის ყოველდღიური მოხმარების წიგნს წარმოადგენს. სენფორდის სახელმძღვანელო პოპულარულია ევროპის ქვეყნებში და ითვალისწინებს ანტიბიოტიკების რაციონალურ გამოყენებას.

პრესკონფერენციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც პრაქტიკოსმა ექიმებმა ამ თემის მიმართ თავისი შეხედულებები გამოთქვეს.