ეურამა 2015, თბილისი, საქართველო.

ამაწლის 4 და 5 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია "ძუძუს კიბოს სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიღწევები" ,,ეურამა თბილისი 2015".

ძუძუს კიბოს პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან წამყვანი ადგილი უჭირავს ევროპისა და აზიის ასოციაციას ,,EURAMA’’ (the Euro-Asian Mastology Associacion), რომელიც აერთიანებს მრავალი ქვეყნის წამყვან სპეციალისტებს.

საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა.

"ეურამა თბილისი 2015"-ის მიზანია: კლინიკური ონკოლოგიისა და მამოლოგიის მიმართულებით ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის თანამედროვე მიღწევების გაცნობა ექიმებისთვის, რეზიდენტებისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის.

ძუძუს კიბოს ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადების პროცენტულ მაჩვენებლებს შორის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კიბოთი დაავადებულთა ასაკი მნიშვნელოვნად შემცირდა. დღესდღეისობით დაავადება განიხილება, როგორც სოციალური პრობლემა, რომელსაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა უმნიშვნელოვანესია სკრინინგ-პროგრამა, რომელიც სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს და ხელს უწყობს კიბოს საწყისი ეტაპის და კიბოსწინარე ფონური დაავადების გამოვლენას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს 1500-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს წამყვანმა სპეციალისტებმა (მამოლოგები, ონკოლოგები, რადიოლოგები და სხივური თერაპიის სპეციალისტები) როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.